აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,-
შენ რომ გიყვარდა,_
ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,_
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,
მითხარი, ხომ არ დავაგვიანე?
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა,
ის გული მე მაქვს_
ვიცი, სხვა გული არ გინატრია.
შენ ეძახოდი შორს, შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია;
შენ ეძახოდი ვირაცა ასულს
და ჩემს მეტს
არვის გაუგონია.
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი,
ის ქალი მე ვარ,_
მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე.
მარი აბრამიშვილი